მოხალისეები

  • tamar-wurwumia.jpg

    თამარ წურწუმია

    17 წლის, მოხალისე
    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა, ძირითადად, ონალინ სივრცეში მიმდინარეობს. აქტივობებს ვახორციელებ თბილისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

    მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში ადრეული ასაკიდანვე ვიყავი ჩართული. ჩემი მოხალისეობა შემოიფარგლებოდა ქველმოქმედებით, მოგვიანებით კი კულტურულ-საგანმანათელბლო საკითხებზე ზრუნვითაც. აღსანიშნავია, რომ “ჰელფინგ ჰენდში” გაწევრიანებამდე, ჩემს მოხალისეობას არ ჰქონდა ფორმალური სახე და ჩემს აქტიურ საქმიანობას ,,მოხალისეობა” სწორედ აქ დაერქვა.

    ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების უდიდესი შემოქმედი - ილია ჭავჭავაძე, ასეთი სიტყვებით იწყებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას: “რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას და რას მეტყვის იგი მე”. ვფიქრობ, ყველა მოხალისისათვის, ისევე, როგორც ჩემთვის, აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს გარკვეულ მოტივაციასა თუ შთაგონებას, რაც შეიძლება აქტიურად ვიყოთ ჩართული ჩვენი, ჩვენი თანატოლების, ჩვენზე უმცროსი თუ უფროსი თაობის ყოველდღიურობის განვითარებაში.

    მოხალისეობა საზოგადოებრივ აზროვნებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ გარშემომყოფებზეც და ყოველდღიურობით გართულს, არ დაგვავიწყდეს უზენაესი ფასეულობა - მოყვასის სიყვარული.

    მოხალისეობა არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს მოზარდმა, ახალგაზრდამ თუ ნებისმიერმა ინდივიდმა.

    მოხალისეობის ფარგლებში, ონლაინ რადიო “ჩემი ხმის” ეთერში მქონდა საავტორო გადაცემა “გზა წარმატებისაკენ”. გადაცემა მიზნად ისახავდა წარმატებული ადამიანების მიერ გამოცდილების გაზიარებასა და რჩევების მიცემას, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. ვინაიდან და რადგანაც, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მათი ინტერესთა სფეროც მრავალფეროვანია. შესაბამისად, ყველა ინდივიდი წარმატებას სხვადასხვა სფეროში აღწევს, რისთვისაც მათ უნიკალური გზის გავლა უწევთ. წარმატებული ადამიანების მიერ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯების გაზიარება, კონკრეტული სირთულეების დაძლევასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. გადაცემის "გზა წარმატებისაკენ" ფარგლებში, რადიო "ჩემი ხმის" ეთერში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ საინტერესო და მრავალფეროვან წარმატების ფორმულებს, წარმატების ცნებებსა და ინფორმაციას, სხვადასხვა სფეროს შესახებ.

    ორგანიზებას ვუწევდი პროფორიენტაციის კურსს, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დახმარებას პროფესიის არჩევასა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის პროცესში. აღნიშნული პროექტის საშუალებით, მოზარდები შეძლებენ მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, ინტერესის სფეროს გაღრმავებასა და პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროს შერჩევას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას. პროექტის ფარგლებში, მოზარდები ხვდებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და იღებდნენ ცოდნას სხვადასხვა სფეროს შესახებ.

    აქტიურად ვიყავი ჩართული რეგიონში მცხოვრები თანატოლებისთვის საგნობრივი განათლების მიღებაში. სამი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად, კონკრეტული საკითხების ირგვლივ მსჯელობით, განხილვით, კონსპექტებითა და პრეზენტაციით, ერთობლივად დავძლიეთ სასკოლო მასალა კონკრეტულ საგანში, რაც პირადად ჩემთვის იყო ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომცემი, თანატოლებისთვის კი - საინტერესო ცოდნის მიღების შესაძლებლობა.

    მთელი ამ ხნის განმავლობაში, საინფორმაციო შეხვედრებში, ტრენინგებზე, ვებინარებზე, ლექციებსა თუ სხვა ფართომასშატაბიან პროექტებში, რომელთა ორგანიზებაშიც უშუალოდ ვიყავი ჩართული, მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოზარდები და ახალგაზრდები, ასევე ზრდასრულები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ბენეფიციართა ჯგუფი იყო როგორც რეგიონებიდან, ასევე დედაქალაქიდანაც.

    სამომავლო მოხალისეობრივი გეგმები უკავშირდება ჩემი ინტერესის სფეროს, ჩემს მომავალ პროფესიას. ამჟამად უკვე დაწყებული მაქვს ზრუნვა აღნიშნული საკითხის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება პირნათლად, ეფექტურად, შემოქმედებითად და წარმატებულად განვახორციელო სამომავლო გეგმები, მიზნები და იდეები.