მოხალისეები

  • ნანა გვარიშვილი_717.jpg

    ნანა გვარიშვილი, 18 წლის, მოხალისე

    COVID 19-მა და ამ ვირუსით გამოწვეულმა საფრთხემ ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი  ძალიან შეცვალა. ეს ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასეა ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. ასეთ ვითარებასა და პერიოდში ვფიქრობ, რომ მოხალისეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოხალისეობა მნიშვნელოვნად ცვლის რთულ ვითარებას, საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და განსაცდელი შეუმსუბუქონ.

    ჩემი მოხალისეობრივი აქტივობების ფარგლებში, ვითანამშრომლე საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებასთან და მათი მეშვეობით დავეხმარე ბევრ ადამიანს, რომლებთანაც მიმქონდა ამანათები. ამ პროექტში მე სხვა მოხალისეებთან ერთად ვიყავი ჩართული. ყველას გვიხაროდა, თითოეული იმ ადამიანის გაღიმებული სახის დანახვა, ვისთანაც მივდიოდით ხოლმე. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არაა. არც იმაზე უკეთესი არ არის რამე, როცა სხვას უანგაროდ ეხმარები, როცა ადამიანებს აბედნიერებ.

    ამავდროულად, ვარ სოციალური კამპანიის მოხალისეც, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოების მიერვე ხორციელდება. ამ კამპანიის ფარგლებში მოხალისეები სხვადასხვა ლოკაციებზე მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების მიზანს, ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, მოხალისეობის ინსტიტუციონალურ დონეზე აყვანა და ადგილობრივი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა წარმოადგენს.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, ამჟამად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვგეგმავ, რომ სხვადასხვა აქტივობა განვახორციელო. რა თქმა უნდა, მომავალშიც ყოველთვის სიამოვნებით და აქტიურად გავაგრძელებ მოხალისეობრივ საქმიანობას.