მოხალისეები

  • მონიკა ჩოგაძე_618.jpg

    მონიკა ჩოგაძე, 28 წლის, მოხალისე

    ვარ ხელოვნების მასწავლებელი. ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ვასწავლი ხელოვნებას. ასევე, ვმუშაობ გახანგრძლივებულ სექტორში და პირველიდან მეოთხე კლასის მოსწავლეებს ვამზადებ ყველა სასკოლო საგანში.

    მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ჩვენს სკოლაში, ისევე, როგორც სკოლების უმრავლესობაში, თავდაპირველად გართულდა სასწავლო პროცესი, რადგან მოსწავლეების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ინტერნეტი, ასევე მოსწავლეებიც და მასწავლებლების მიუჩვევლები ვიყავით ონლაინ-რეჟიმში სწავლების სპეციფიკას.

    სწორედ ამ დროს ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში და როგორც მოხალისე მასწავლებელი, ჩემს ირგვლივ ყველა იმ მოსწავლეს, ვისთანაც ტერიტორიულად ახლოს ვიყავი, ინდივიდუალურად ვამეცადინებდი სხვადასხვა საგანში. მათ ასევე ვუზიარებდი ჩემს ინტერნეტს, რომ მიეღოთ ინფორმაცია სკოლაში და მათ კლასში მიმდინარე პროცესების შესახებ.

    ახლა განათლების სამინისტროს უკვე აქვს იმ მოსწავლეების სია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და ონლაინ-სწავლებაში ვერ ერთვება. იმედია, რომ მალე ორგანიზებულად აღმოიფხვრება ეს პრობლემა, თუმცა მე, ჩემის მხრივ, როგორც მასწავლებელი და როგორც მოხალისე, ჯერჯერობით ისევ ისე აქტიურად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ვეხმარები ყველა იმ ბავშვს, ვისზეც ხელი მიმიწვდება, რომ არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას და შეძლონ სწავლის სრულყოფილად გაგრძელება.