მოხალისეები

  • luka-samkharadze.JPG

    ლუკა სამხარაძე

    2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში “ახალგაზრდების მხარდაჭერა” ლუკა სამხარაძეს გადაეცა.

    16 წლის ლუკა სამხარაძე, სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. ლუკამ მოხალისეთა კლუბი ჩამოაყალიბა, რომელმაც პირველ ეტაპზე თემში საჭიროებების კვლევა აწარმოვა. გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე მოხალისეთა კლუბმა სხვა ახალგაზრდების ჩართულობაც მოახდინეს და თემატური მიმართულებებით მოხალისეობრივი პროექტები განახორციელეს, მათ შორის იყო მასშტაბური დასუფთავების აქციები, საგანმანათლებლო შეხვედრები მედიაწიგნიერების, ბავშვთა უფლებების, მოხალისეობის და აქტიური მოქალაქეობის საკითხებზე, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება უკიდურესს სიღარიბეში მცხოვრების ოჯახების დახმარების მიზნით, მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზება დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად.

    ლუკას მოხალისეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ასევე უსაფრთხო წლის საკითხებზე მუშაობას უკავშირდება, მან მოახერხა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა მოეპოვებინა, მისი თხოვნით და ადვოკატირების კამპანიის წარმოებით სოფელში განთავსდა სანაგვე ურნები, ხოლო მის მიერ მობილიზებულმა ახალგაზრდების გუნდმა დასუფთავების აქციები გამართა. ლუკას ინიციატივით ორგანიზებულ ღონისძიებებში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო.

    ლუკას სახელს უკავშირდება ასევე უსახლკარო ცხოველების პრობლემებზე ახალგაზრდების მობილიზება და საერთო ძალისხმევით ადვოკატირების წარმოება მუნიციპალიტეტში, შედეგად ადგილობრივმა თვითმმართველობა რესურსები გამოყო და მუშაობა დაიწყო.

    “13 წლიდან ვმოხალისეობ, გასულ წელს კი აღმოვაჩინე ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-ი რომელმაც კიდევ უფრო გააღვივა ჩემი მოწოდება მოხალისეობისკენ. ჯილდოს მოპოვება ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია. ვხედავ რომ ჩემი შრომა დაფასდა.

    ვფიქრობ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მსგავსად წახალისება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო ბევრ კარებს გამიღებს, მიუხედავად იმისა რომ მოხალისეობა სრულიად უანგარო საქმიანობაა, მახარებს რომ ქვეყანა მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს ახალგაზრდების წახალისებას. მოხალისეობას მართლაც აქვს ძალიან დიდი ძალა, რაც მე და ჩემმა თანატოლებმა მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ” - ლუკა სამხარაძე.