
2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული
ნომინაცია: ჟიურის რჩეული
მარი მავლენოვი 15 წლის არის, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, სწავლობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში. ის "გლოუს კლუბი ვალე"-ს ერთ-ერთი აქტიური წევრია, ბოლო ერთი წლის მანძილზე მას 20-მდე მოხალისეობრივი პროექტი განახორციელა, რომელიც მოიცავდა საქველმოქმედო აქციებს, საგანმანათლებლო შეხვედრებს, და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოზარდებისათვის.
მარიამის მოხალისეობა ასევე უკავშირდება სტატიების მომზადებას ახალციხის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მასშტაბით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ერთი წლის მანძილზე ის მართავდა ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო შეხვედრებს მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებზე.
მარიამის მრავალფეროვანი მოხალისეობრივი საქმიანობა უკავშირდება ახალციხის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებას სკოლასა და თემში. მუნიციპალიტეტში „გლოუს კლუბი ვალე"-ს დაარსება დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ გამოწვევებთან, მიუხედავად ამისა, მან შეძლო თანატოლების გაერთიანება და შექმნა თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისათვის.
„მოპოვებულმა გამარჯვებამ ამიმაღლა ჩემში თვითშეფასება, შემმატა თავდაჯერებულობა, და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს აგვიმაღლა მოტივაცია მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელების, იმედია ღირსეულად გავაგრძელებ მოხალისეობას და კვლავ შევძლებ ჩემს მუნიციპალიტეტში სასარგებლო საქმეების კეთებას, მადლობელი ვარ მხარდაჭერისათვის“- მარი მავლენოვი.