
„წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო აღიარებაა. 15 წლის ახალგაზრდისთვის, ეს ჯილდო არა მხოლოდ ჩემი შრომისა და ძალისხმევის დაფასებას ნიშნავს, არამედ იგი მაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტად დავიხარჯო და ვიზრუნო საკუთარი და სხვების განვითარებაზე. ჯილდოს მიღება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა საკუთარ თემში და ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
მოხალისეობა ჩემთვის, ნიშნავს უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მაძლევს, დავეხმარო ადამიანებს და ვიზრუნო საკუთარი თემის წევრებზე. პირადად მე, მოხალისეობა მაძლევს შესაძლებლობას განვავითარო ახალი უნარები, დავამყარო მყარი კავშირები და მოვემზადო მომავლის გამოწვევებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მოხალისეობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად მაგრძნობინებს.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ჩაერთონ მოხალისის ეროვნული ჯილდოს კონკურსში, რადგან იგი გაძლევს საშუალებას გამოავლინო შენი თავი, გააცნო ფართო აუდიტორიას საკუთარი საქმიანობა, გააზიარო საინტერესო პრაქტიკები და მიიღო დამსახურებული აღიარება, როგორც მოხალისემ. კონკურსში მონაწილეობა ეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ, რამდენად დიდი გავლენა შეუძლია ჰქონდეს მათ აქტიურობას, საზოგადოების განვითარებაზე. გარდა ამისა, კონკურსი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაიზიარონ სხვა ახალგაზრდების წარმატებული გამოცდილება, გაცვალონ იდეები, შექმნან კრეატიული და ინოვაციური პროექტები, ამავდროულად კი, გახდნენ უფრო მოტივირებულები და არ დაკარგონ მოხალისეობის სურვილი“- ნინი თავხელიძე, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: „არაფორმალური განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა“.
15 წლის ნინი თავხელიძე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა და იგი ძალიან ბევრი წარმატებული პროექტის ავტორი და ორგანიზატორია, მათ შორისაა ,,განვითარდი პიროვნულად“, ,,ახალგაზრდები, ახალი ბაღდათისთვის“; ,,განვითარდი და განავითარე“ ,,აირჩიე პროფესია“, ,,მკითხველთა კლუბი“, სამხატვრო კონკურსი, ვიზიტი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ,,ეკოლოგია და ჩვენ“ და სხვა.
ნინი თავხელიძე მოხალისეობრივ პოზიციას იკავებს ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოში, ის არის მდივანი და განათლების კლუბის ხელმძღვანელი, სადაც ყოველთვის სთავაზობს ბაღდათელ ახალგაზრდებს მათი საჭიროებების მიხედვით პროექტებს. მისი ენთუზიაზმი და საქმის მიმართ სიყვარული ფასდაუდებელია.
ნინი ასევე არის, ახალგაზრდული სივრცის მოხალისე 2021 წლიდან, გოგონამ რამდენიმე თვეში თითოეული სივრცეში მყოფი ადამიანის გული მოიგო და თავი ყველას თავისი პრინციპულობით, დაუღალავი შრომით დაამახსოვრა. ჯერ სივრცის მოხალისე იყო, შემდეგ წევრობაში გადავიდა, ახლა კი, ის სივრცის ერთადერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც ყველა საქმეს ღირსეულად უძღვება.
#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ
#ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში