
“ჩემთვის ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეტად იწყებენ მოხალისეობის დაფასებას, რაც დიდი ნაბიჯია საქართველოში მოხალისეობრივი ინიციატივების გაძლიერებისკენ. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. საზოგადოების განვითარებაში მოხალისეობრივი ჩართულობა ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა და მე მჯერა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, სწორედ მოხალისეობის გზით.
მოხალისეობა გვასწავლის სოლიდარობას, პასუხისმგებლობას და თანამშრომლობას – პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძლიერად არის გამოკვეთილი. სწორედ ამ გზით შეგვიძლია საქართველო კიდევ უფრო დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაზე.
ახალგაზრდებს ვურჩევ, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა პიროვნული განვითარებისთვის და საკუთარი ქვეყნის მომავალში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. მოხალისეობა აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას და ამავდროულად, გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან, სადაც სამოქალაქო ჩართულობა და სოლიდარობა მნიშვნელოვან ფასეულობად ითვლება. მე, მაგალითად, უამრავი საათი დავაგროვე მოხალისეობრივი საქმიანობით ევროპული სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity Corps) დახმარებით. ეს პროგრამა დღესაც აძლევს ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, იმუშაონ მოხალისეებად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაეცნონ ევროპულ კულტურას, ენებს, სამუშაო ეთიკას და ღირებულებებს. სწორედ ამ გამოცდილებამ მომცა უნარები და ცოდნა, რაც დამეხმარა გავმხდარიყავი წლის საუკეთესო მოხალისე” - ზურაბ შათირიშვილი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომიმაცია “განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა”.
ზურაბ შათირიშვილი ხაშურიდან არის, ის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.
ზურაბ შათირიშვილი დღემდე, West Liberty University - საერთაშორისო ოფისის მოხალისე და ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და ქსელის ბორდის წევრია, ის ასევე იყო ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე - Education and Development for Global Empowerment - განათლების კონსულტანტი და ასევე არის რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის - ევროპის სოლიდარობის კორპუსის მენტორი.
ზურაბის გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში უნიკალურია. მან ბაკალავრიატის განმავლობაში სრული დაფინანსებით ისწავლა ევროპისა და ამერიკის ოთხ, სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში. ახლა კი ის სრულიად უანგაროდ ეხმარება სხვა ახალგაზრდებს მიიღონ ხარისხიანი განათლება და განივითარონ დასაქმებისათვის საჭირო უნარები. ამისათვის ის სრულიად უნაგაროდ ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს და კონსულტაციებს უწევს ახალგაზრდებს, შემდეგ საკითხებზე: საზღვარგარეთ სწავლა, დაფინანსების მოპოვება, კარიერული განვითარება, აპლიკაციების მომზადება, საზღვარგარეთ სტაჟირებისა და სრულად დაფინანსებული შესაძლებლობების მოძიება და სხვა. მოხალისეობრივად, უფასო საკონსულტაციო მომსახურების გაწევით ზურაბი 120-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა.
#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ
#ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში