პროექტის დეტალი

,,ასტრიდ ლინდგრენის კვირეული''

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

მე ვარ ანა ტვილდიანი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. გადავწყვიტე გავმხდარიყავი მოხალისე, რის შედეგადაც შესაძლებლობა მომეცემოდა მიმეღწია პოზიტიური ცვლილებებისთვის COVID-19-ის ფონზე. ნებისმიერი ჩვენგანისთვის ძალიან რთულია ჩაკეტილი ცხოვრებით იცხოვრო, ვერ გადიოდე სახლიდან, ვერ ხვდებოდე მეგობრებს, იყო თვითიზოლაციაში. ვფიქრობ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნეგატიურად ბავშვებზე მოქმედებს. მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ სივრცე, ურთიერთობები მათ თანატოლებთან, მეგობრებთან და ზოგადად სჭირდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია სულ მცირე იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი სოციალური კაპიტალი და ადაპტირდნენ იმ გარემოსთან, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს მათ ჰოლისტურ განვითარებას. ჩემი მოხალისეობრივი პროექტი სწორედ ბავშვებზეა ორიენტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ 14 ნოემბერი ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა, გადავწყვიტე მოვაწყო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს გავაცნობ ასტრიდის ორ ნაწარმოებს: "პეპი გრძელიწინდა" და "ბულერბიელი ბავშვები". მოუსვენარი, ცნობისმოყვარე, ძალიან ძლიერი და კიკინებიანი პეპილოტა, მისი ცხენი და ბატონი ნილსონი, ასევე ლიზა, რომელსაც ვეღარ გაუგია რამხელაა- პატარა თუ დიდი, მისი ძმები და მეგობრები შთაგონების წყაროა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ამ პერსონაჟებისგან შესაძლებელია ძალიან ბევრის სწავლა: მეგობრობის, მზრუნველობის, სიყვარულის როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების მიმართ. მიზანიც სწორედ არის ის, რომ ამ ყველაფრის სწავლასთან ერთად ბავშვებმა შეძლონ თავიანთი ცხოვრების გახალისება და გაფერადება, შეძლონ პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევა ზემოთ აღნიშნულ პერსონაჟებთან ერთად. დარწმუნებული ვარ მათი მეგობრობა მხოლოდ ამ კვირეულით არ შემოიფარგლება და სამომავლოდაც გაგრძელდება. პროექტი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში, 14დან- 21 ნოემბრის ჩათვლით. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეხვედრები წარიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით.


პროექტის ავტორი
, თბილისი