ამბობენ, სკოლის დამთავრების შემდეგ იქ დაბრუნება სულ სხვა შეგრძნებააო, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებული ყოფილა, როცა უკან იმისთვის ბრუნდები, რომ შენი გამოცდილება სხვებს გაუზიარო.
ახლახან ჩემს მშობლიურ, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს №1 საჯარო სკოლას ვესტუმრე, თუმცა ამჯერად არა როგორც მოსწავლე, არამედ როგორც ტრენერი. მედია კლუბის წევრებისთვის ჩავატარე შეხვედრა თემაზე — „როგორ ვმართოთ სასკოლო ტელევიზია – გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ბავშვებთან ერთად საკმაოდ საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სასკოლო მედია, რა ეტაპებს გადის სატელევიზიო პროდუქტის შექმნა იდეიდან ეკრანამდე და რა ყოველდღიურ გამოწვევებს აწყდება თანამედროვე მედიასივრცე. მათი ენთუზიაზმის ყურება ჩემთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.
ჩემი სკოლა ჩემთვის ზუსტად ის ადგილია, სადაც თაობებს შორის კავშირი სკოლის დამთავრების შემდეგაც არ წყდება. მიხარია, რომ მეც გავხდი ამ ჯაჭვის ნაწილი, დავბრუნდი აქ და მცირედი წვლილი შევიტანე ამ ნიჭიერი მოსწავლეების პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ასეთი კავშირები აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას.