შობა-ახალი წელი ზუსტად ის ჯადოსნური და გამორჩეული დროა, როდესაც სოლიდარობა, ერთმანეთზე ზრუნვა და თანაგრძნობა ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებად იქცევა. ეს არის პერიოდი, როცა თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, საკუთარი წვლილი შეიტანოს სხვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაში. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებული და ემოციური საქველმოქმედო აქცია განვახორციელეთ.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მოწყობილმა „საახალწლო სოფელმა“ წელს არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობას, არამედ დიდ საზოგადოებრივ ერთობასაც უმასპინძლა. მუნიციპალიტეტში ტრადიციულად გამართული სამეწარმეო ბაზრობის ფარგლებში, ახალგაზრდულმა საბჭომ საკუთარი კუთხე მოაწყო, რომლის მთავარი მიზანიც სოციალური პასუხისმგებლობა და სხვების დახმარება იყო.
აქტივობის განსახორციელებლად, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პირადი ინიციატივითა და სახსრებით შეიძინეს სხვადასხვა სახის პროდუქცია — დაწყებული საახალწლო ხელნაკეთი სუვენირებითა და ნივთებით, დასრულებული ტრადიციული სადღესასწაულო ნობათით. საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობისას, ახალგაზრდების მიერ მოწყობილმა დახლმა უამრავი ადგილობრივი მცხოვრებლისა და ქალაქის სტუმრის ყურადღება მიიპყრო, თითოეული ნივთის რეალიზაციის უკან დიდი შრომა, ენთუზიაზმი და ერთიანი მიზანი იდგა — გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარებოდა მათ, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
საქველმოქმედო გაყიდვებიდან შემოსული სრული თანხით, ახალგაზრდული საბჭოს სახელით, შეძენილ იქნა პირველადი საჭიროების მრავალფეროვანი პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული. ამ ნობათით საბჭოს წევრები ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ, მიულოცეს დამდეგი დღესასწაულები და მათ სახლებში ნამდვილი საახალწლო განწყობა, სითბო და იმედი მიიტანეს.