ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს კარიტასი
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წელს. უკვე 30 წელზე მეტია ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს: ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღესდღეობით, კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12,500-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება 32 პროექტის ფარგლებში.
„საქართველოს კარიტასის“ მიზანია შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ღირსება პატივსაცემია, მათი უფლებები დაცულია და სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები ხელშეწყობილია.
ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს:
- ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება;
- ჯანმრთელობის დაცვა;
- სოციალური დაცვა;
- თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა;
- საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა:
- განათლების გაძლიერების პროგრამა;
- მიგრაცია;
- კარიტასი რეგიონებში სოციალური საწარმოები;
საქველმოქმედო ლაშრობა კოჯორში
2025 წლის 31 აგვისტოს, „კარიტასის“ მოხალისეთა საბჭოს ინიციატივით, კოჯორში ზაფხულის საქველმოქმედო ლაშქრობა ჩავატარეთ, სადაც მოხალისეები და ახალგაზრდები გავაერთიანეთ. ღონისძიების მთავარი მიზანი არა მხოლოდ აქტიური დასვენება და ბუნების შესწავლა იყო, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობის, გარემოზე ზრუნვის, გუნდური მუშაობისა და სოლიდარობის კულტურის გაღვივებაც.
ლაშქრობის დროს ისტორიული და კულტურული ადგილები მოვინახულეთ, მათ შორის უძის მონასტერი და ქოროღლის ციხე, და პრაქტიკული ცოდნა მივიღეთ სალაშქრო აღჭურვილობისა და გარე აქტივობების უსაფრთხოების წესების შესახებ. ერთად ვუყურეთ ზაფხულის ბოლო მზის ჩასვლას, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება მოხალისეთა ინიციატივების ორგანიზებაში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდებში გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ გარემოს დასუფთავების აქციას, ნაგვის შეგროვებას და მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას. მონაწილეებისგან შემოწირული თანხა მოხმარდება გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების დახმარებას, კერძოდ, აუცილებელი პროდუქტების შეძენას. ეს მოგზაურობა იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება აქტიური დასვენების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მოხალისეობრივი მუშაობის შერწყმა მონაწილეებში პასუხისმგებლობის გრძნობის, ბუნებასთან კავშირისა და საზოგადოების დახმარების სურვილის გასაღვივებლად.