გამარჯობა! მე ვარ ლეონორა, 22 წლის თბილისიდან. წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით, ამავდროულად შევისწავლე პროგრამირება, დიზაინი, ციფრულ კომუნიკაციები და ციფრული პროდუქტის ტესტირება. პრაქტიკული სამუშაოს გარდა, მუდმივად ვვითარდები ჩემს უნარებში განათლებისა და ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გზით. ჩემს მიერ შესწავლილი თემებია ტრავმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, გენდერული საკითხები, ეფექტური კომუნიკაცია და სოციალური ინკლუზია. ჩემი აკადემიური და პროფესიული ინტერესები აისახება პუბლიკაციებსა და კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობაში, მათ შორის ფსიქოლოგიის, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო და ეროვნულ ფორუმებში.
ყველა ამ სფეროს ერთი რამ აერთიანებს: საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის სურვილი. მოხალისეობა და სოციალური აქტივიზმი საშუალებას მაძლევს დავეხმარო ადამიანებს, პრაქტიკაში გამოვიყენო ჩემი ცოდნა და შთავაგონო სხვები, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ სამსახური ან მოვალეობა; ეს არის ღირებულება, რომელიც აყალიბებს ჩემს მსოფლმხედველობას და განსაზღვრავს ჩემს მომავალს.
ოფიციალურად მოხალისეობრივ საქმიანობა გასული წლის ივნისში დავიწყე, თუმცა ჩემი ინტერესი ადამიანების დახმარებისა და სოციალური აქტივიზმის მიმართ გაცილებით ადრე დაიწყო. მე მჯერა, რომ მოხალისეობა არ არის მხოლოდ მოქმედება, არამედ საზოგადოების მხარდაჭერისა და გაძლიერების შეგნებული გზა, რაც მას უფრო სამართლიანს, მზრუნველ და ინკლუზიურს ხდის. ჩემთვის მოხალისეობა არის შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოვიყენო ჩემი ცოდნა და უნარები, დავეხმარო გაჭირვებულებს და ამავდროულად, განვვითარდე, როგორც პიროვნება, ვისწავლო თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა.
როგორც ვახსენე, 2024 წლის ივნისიდან აქტიურად ვარ მოხალისე „საქართველოს კარიტასში“ და 500 საათზე მეტს ვუთმობ სხვადასხვა პროექტებს. ეს მოიცავს ბავშვთა დღის ცენტრში ბავშვების მხარდაჭერას, „სიკეთის ყუთის“ პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის ტანსაცმლის შეგროვებას და დარიგებას, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებასა და მასპინძლობას, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის შემოწირული წიგნების შეგროვებას. შინმოვლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დახმარებას ვუწევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მათ შორის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდებას, სახლის საქმეებში დახმარებას და საჭმლის მომზადებას. ასევე ვარ მოხალისეთა საბჭოს წევრი, სადაც ვმონაწილეობ საქველმოქმედო ღონისძიებების, ტრენინგებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ვქმნი გრაფიკულ კონტენტს ორგანიზაციის სოციალური მედიისა და პროექტებისთვის.
ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს კარიტასი
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი”, დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წელს. უკვე 30 წელზე მეტია ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს: ხანდაზმულებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც სოციალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღესდღეობით, კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12,500-ზე მეტ ბენეფიციარს ეხმარება 32 პროექტის ფარგლებში.
„საქართველოს კარიტასის“ მიზანია შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ღირსება პატივსაცემია, მათი უფლებები დაცულია და სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებები ხელშეწყობილია.
ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს:
- ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა და განვითარება;
- ჯანმრთელობის დაცვა;
- სოციალური დაცვა;
- თემის და მოხალისეობის განვითარების პროგრამა;
- საგანგებო სიტუაციებისთვის რეაგირება და მათზე მზადყოფნა;
- განათლების გაძლიერების პროგრამა;
- მიგრაცია;
- კარიტასი რეგიონებში სოციალური საწარმოები