მოხალისის შესახებ
15 წლის ვარ, ვსწავლობ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს #1 საჯარო სკოლაში, მე-11 კლასში. მოხალისეობრივი მიმართულებით პირველად მე-8 კლასში დავკავდი. ამ მიმართულებით ჩემი პირველი ნაბიჯი სკოლაში გადავდგი, როცა სხვადასხვა კლუბი დავაარსე თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად. ეტაპობრივად განვახორციელეთ პროექტები სამოქალაქო განათლების, ეკოლოგიური საკითხების მიმართულებით, საინფორმაციო შეხვედრების მოწყობითა და იმ დროისთვის ჩვენს მიერ დანახული პრობლემური საკითხების გარშემო აქტიური საუბრით. სკოლის კლუბების პარალელურად დავაარსე ჩემი სოფლის საინიციატივო ჯგუფი, რომლის ქუდქვეშაც განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი ახალგაზრდული მიმართულებით.
შემდგომი, უფრო დიდი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როცა ჩხოროწყუს ახალგაზრდულ სათათბიროში მივედი, დასაწყისში თავმჯდომარის მოადგილე და პიარის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიყავი, შემდგომ სათათბიროს თავმჯდომარე გავხდი და დღემდე ამ პოზიციას ვიკავებ. 2024 წლის თებერვლიდან ორგანიზაცია world vision in georgia-ს SKYE-NET პროგრამის ლიდერი ვარ ჩემს მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ფასილიტაციას ვუწევ კვირაში ერთხელ სქაი კლუბის სატრენინგო შეხვედრებს. სულ ახლახან საქართელოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციაში ჩემი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს დელეგატი გავხდი. ჩემი ამ მცირე მოღვაწეობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მრავალ გუნდთან მითანამშრომლია და ამ მხრივ საკმაო გამოცდილება მაქვს. ერთგვარად ჩემი ჰობია ვიყო მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართული. სამი წლის განმავლობაში არცერთი წამით არ გამჩენია ამ საქმიანობისთვის თავის დანებების სურვილი, რადგან მოხალისეობრივი პროცესი გულისხმობს ირგვლივ არსებული გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის დიად მიზანს და სწავლა-სწავლების მეტად მრავაფეროვან გზას.
მოხალისეობა მოწოდებაა, ღირებულებაა, რომელიც ძალიან ძვირფასია და გაჩერების საშუალებას არ გაძლევს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს მოხალისის თუნდაც მარცვალი, მთავარია მისცე მას აღმოცენების და განვითარების საშუალება, საიმისოდ, რომ გახდე სასიკეთო ცვლილებების ავტორი, ცვლილებების, რომელიც განვითარების გზას გიხსნის, როგორც შენ, ასევე შენს ირგვლივ მცოხვრებ ადამიანებსაც. მიხარია, რომ დღითიდღე მეტი ახალგაზრდა ირჩევს იმ გზას, რომელსაც მოხალისეობის გზა ჰქვია.